#Education
Target:
public
Region:
Georgia

საინიციატივო ჯგუფი ”უკეთესი აკადემიისთვის” აქვეყნებს მემორანდუმს და იმედს იტოვებს, რომ მას გაიზიარებს სამხატვრო აკადემიის პრობლემების გადაჭრით დაინტერესებული ყველა მხარე.

გთხოვთ გაეცნოთ და თუ ეთანხმებით ხელი მოაწეროთ.

ჩვენ, ამ მემორანდუმის ხელმომწერნი, სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილე მხარეთა და ჯგუფთა წარმომადგენლები, ვთანხმდებით, რომ:

სამხატვრო აკადემია დღეს ვერ პასუხობს თავის მოწოდებას – იყოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, დაფუძნებული პროფესორთა და სტუდენტთა ავტონომიის, აკადემიური თავისუფლების პრინციპებზე;

სრულფასოვნად ვერ ასრულებს დანიშნულებას – იმგვარი ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვოს სტუდენტი, რომლითაც დამოუკიდებლად შეძლებს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში თავის დამკვიდრებას.

ამასთან, არ გავურბივართ რა ამ პროცესში ბოლო წლებში მეტ–ნაკლებად ჩართული ადამიანების, მათ შორის, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის აღიარებას, მიგვაჩნია, რომ არსებობდა ობიექტური მიზეზებიც, რაც სასურველი ვითარების მიღწევას უკიდურესად ართულებდა. იზოლირებულობა საერთაშორისო შემოქმედებითი–საგანამანათლებლო სივრცისაგან, გაუმართავი საგანამანათლებლო სისტემა, რესურსების სიმწირე, პოლიტიკური კონიუნქტურა და ხშირად ხელისუფლების ზეწოლა, პროცესების გაუმჭვირვალობა, შედეგად – აკადემიური თავისუფლებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის რეალური არარსებობა ისეთ მიზეზებს წარმოადგენენ, რომელთა შეცვლა ხშირად ცალკეული ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ უნივერსიტეტები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც ჩვენგან არაორდინალურ მოქმედებას ითხოვს. მიგვაჩნია, რომ სამხატვრო აკადემიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საზოგადოება თავიდანვე აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და ყველა დაინტერესებულმა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს მათ წარმართვაზე. მხოლოდ ასე შევძლებთ ერთი მხრივ, თავი დავიცვათ შესაძლო პოლიტიკური ზეწოლისაგან (მიუხედავად ახალი ხელისუფლების განცხადებისა, რომ მოხდება საგანამანათლებლო დაწესებულებათა დეპოლიტიზირება, თეორიულად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი ყოველთვის არსებობს), და ამავე დროს, სათავე დავუდოთ განვითარების პროცესს და უზრუნველვყოთ მისი შეუქცევადობა, რამაც ყველა ჩვენგანისათვის და საზოგადოებისთვის სასურველ აკადემიამდე უნდა მიგვიყვანოს.

გვჯერა, რომ ამგვარი ვითარების ფორმირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ყველა მხარე ცნობს ერთმანეთის კანონიერ ინტერესებს, დაძლევს გაუცხოებას, საკუთარ თავში მოძებნის პრობლემათა შემოქმედებითი გადაჭრის რესურსებს და თანამშრომლობის რთულ, მაგრამ აუცილებელ პროცესს შეუდგება.

ამავე დროს, ვთანხმდებით, რომ აკადემია თითოეული ჩვენგანის, პედაგოგთა, სტუდენტთა, შემოქმედებითი–სამეცნიერო წრეების, საზოგადოების კუთვნილებაა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აკადემიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა დღეს მხოლოდ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის პირობებში არის შესაძლებელი.

პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს პროცესი წარვმართოთ მაქსიმალური გამჭვირვალობისა და გახსნილობის, ყველა მოსაზრების მოსმენისა და კრიტიკული განსჯის პირობებში, როდესაც პოზიციების წარმოდგენისა და დაცვისას მნიშვნელობა ექნება მხოლოდ რაციონალურ არგუმენტებს, მიუხედავად ამ პოზიციათა მატარებელი ადამიანების თუ ჯგუფების სტატუსის, მასშტაბის თუ გავლენისა.

ამ პროცესის შედეგი უნდა იყოს აკადემიის კონსტიტუცია – წესდება, რომელიც მოიცავს აკადემიის მისიისა და ამოცანების განსაზღვრას, და ამავე დროს, დაარეგულირებს აკადემიაში მიმდინარე ყველა პროცესს, იქნება ეს სასწავლო–შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მუშაობა, თუ მართვისა და თვითორგანიზაციის წესები;

ასევე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობის პირობებში უნდა იქნას შემუშავებული მექანიზმი, რომლითაც ამ წესდების ამოქმედება მოხდება.

ამის შემდეგ სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესები აკადემიაში მხოლოდ ამ წესდების მიხედვით უნდა წარიმართოს.

ამ მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩამოყალიბდეს აკადემიის რეფორმის ღია საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. საწყის ეტაპზე რეფორმის ჯგუფი შეიმუშავებს სამუშაო დებულებას და მუშაობის გრაფიკს. რეფორმის ჯგუფი საზოგადოებასთან თანამშრომლობის რეჟიმში იმუშავებს წესდების პროექტის ტექსტზე და პერიოდულად წარადგენს მუშაობის შედეგებს ფართო საზოგადოების სამსჯავროზე; ორგანიზებას გაუკეთებს მუშაობისათვის აუცილებელ შეხვედრებს, საჭიროების შემთხვევაში – სემინარებს, დისკუსიებს, საზოგადოების ინფორმირების მიზნით იმუშავებს მედიასთან.

რადგან ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ჩვენ ასევე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შეძლებისდაგვარად ჩავერთოთ და კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ აკადემიაში დღეს არსებული თუ ამ პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად.

ამასთან, ეს მემორანდუმი არც ერთ ხელმომწერს არ აკისრებს პასუხისმგებლობას, უარი თქვას დღეისთვის არსებულ ამა თუ იმ სამართლებრივ პრეტენზიაზე, და არავისგან ითხოვს უარი თქვას მათ კანონიერ გადაჭრაზე.

GoPetition respects your privacy.

The სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილე მხარეთა და ჯგუფთა მემორანდუმი petition to public was written by levan asabashvili and is in the category Education at GoPetition.