გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონკურსი მხატვრის სახლის ადგილას!
- Target:
- Ministry of Culture of Georgia, Tbilisi Architecture, Magticom
- Region:
- Georgia
- Website:
- www.scribd.com
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას შპს ,,მაგთი''–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეითანხმა მრავალფუმქციური ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გასცა ნულოვანი ციკლის მშენებლობის ნებართვა.
რუსთაველის პროსპექტი თბილისის ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების არტერიას წარმოადგენს. მას ასევე ცენტრალური ადგილი უჭირავს ქალაქის ისტორიული ბირთვის არქიტექტურული იერსახის განსაზღვრაში. ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უდიდესი ღირებულების მქონე ერთიან ურბანულ კომპლექსს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს უნდა ატარებდეს და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული. ამდენად რუსთაველის პროსპექტზე დაგეგმილი ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი თითოეული თბილისელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მოქალაქეთა მომეტებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადგილას განხორციელებული ნებისმიერი ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული ჩარევა უნდა ხდებოდეს თბილისელების და პროფესიონალთა ფართე წრის ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით.
ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე, სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამი შენობისგან შემდგარი კომპლექსი მთლიანად ავსებს მოცემულ ტერიტორიას (დაახლოებით 5000 მ2.), არ ითვალისწინებს ისტორიულად ჩამოყალიბებული ქალაქგემარებითი სტრუქტურის ხასიათს და ფართის მაქსიმალურ ათვისებაზეა ორიენტირებული.
მრავალფუნქციური ცენტრის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობის მხატვრული იერსახე, ერთი მხრივ ითვალისწინებს „დღევანდელი ეპოქის მხატვრულ - არქიტექტურულ სახეს“, მეორე მხრივ კი - ისტორიული განაშენიანების ზოგად არქიტექტურულ კონტექსტს. tas.ge-ზე გამოქვეყნებული შენობის ვიზუალიზაცია (http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=352282) კი სრულიად საპირისპიროს დასტურია. ის სხვა არაფერია თუ არა ისტორიის გაყალბების მცდელობა და მდარე ხარისხის სტილიზაცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს, არც თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან, არც ისტორიულ კონტექსტთან. ამდენად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სრულიად სამართლიანად იქნა დაწუნებული წარმოდგენილი შენობის იერ-სახე. მაგრამ შენობის გეგმარებითი, სივრცით-მოცულობითი სტრუქტურა და მხატვრული იერსახე ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ამ ასპექტების ცალ-ცალკე განხილვა დაუშვებელია. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ქალაქის ისტორიულ ქსოვილში ფაქიზი ჩარევის შესაძლებლობას და განწირულია წარუმატებელი შედეგისათვის.
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, საჯაროობის მაღალი ხარისხის და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფისთვის მოვითხოვთ:
არქიტექტურის სამსახურმა გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება მრავალფუნქციური ცენტრის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და ნულოვანი ციკლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშრებით და დაავალდებულოს დამკვეთი ჩაატაროს ღია კონკურსი კვალიფიციურად შედგენილი საკონკურსო დავალებით (სადაც სხვა პირობებთან ერთად მკაცრად იქნება მოთხოვნილი ნორმით დადგენილი კოეფიციენტების დაცვა), პროფესიონალური ჟიურით, ვადებით და ფულადი პრიზებით, ისე როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს.
ჩვენი აზრით, მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ ერთად (მოქალაქეები, ქალაქის ხელისუფლება და ინვესტორი) ღირსეული გადაწყვეტილების მიღებას. რუსთაველის პროსპექტი უნიკალური ძეგლია, რომლის ტერიტორიაზეც პირველ რიგში მისი ხასიათი და მასშტაბი უნდა იყოს დაცული და არა ინვესტორის ინტერესები.
You can further help this campaign by sponsoring it
The გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონკურსი მხატვრის სახლის ადგილას! petition to Ministry of Culture of Georgia, Tbilisi Architecture, Magticom was written by Tiflis Hamkari and is in the category City & Town Planning at GoPetition.